„დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება. გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განხორციელდა. მათ შორის, ფრენები განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა”, flydubai-მ, Air arabia-მ, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა Turkish Airlines, Pegasus Airlines, Qatar Airways – ფრენის სიხშირე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების განახლების შესახებ. მისი თქმით, მარტის ბოლოდან Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს და კვირაში 45 რეისს 20 მიმართულებით გეგმავს.
ნათია თურნავას თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, მარტის ბოლოდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi და ფრენებს შეასრულებს აბუ – დაბი – ქუთაისი – აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.
ნათია თურნავამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ლოუქოსტერის Buta Airways-ის მიერ ბაქო – თბილისი – ბაქოს ფრენების დაწყების შესახებ. ასევე განახლდება ფრენები ყაზახეთთან ყაზახური ავიაკომპანიების მიერ.