2022 წლის მარტის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი, ბაზარზე ახლად შემოსული ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ია.
ავიაკომპანიამ, რომელმაც ოპერირება თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო იმდენი მოახერხა, რომ შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში I კვარტლის მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა, მარტში კი პირველ ადგილზე.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ავიაკომპანიამ მარტში 64 რეისი შეასრულა, რითაც 150,6 ტონა ტვირთს მოემსახურა.
თებერვალში Georgian Airlines-მა 15 რეისის შესრულება მოასწრო, შესაბამისად ავიაკომპანიამ მთლიანობაში 76 რეისი შეასრულა, რომლითაც 161,123 ტონა ტვირთი გადაზიდა.
Georgian Airlines-ის მმართველი დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი AviaNews-თან აცხადებს, რომ მარტში ავიაკომპანიამ ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად სტამბოლიდან მოახდინა. გარდა ამისა სატვირთო რეისები შეასრულა არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ინდოეთის და ყაზახეთის მიმართულებით.
“ავიაკომპანია Georgian Airlines-ი საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს სულ ახლახანს დაემატა და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებული სტარტი გვაქვს. თუმცა ეს წარმატება მთლიანი გუნდის დამსახურებაა, რომელიც მართლაც რომ 24/7-ზე მუშაობს იმისათვის, რომ ახალი პარტნიორები მოვიძიოთ და უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ. ქართულ ავიაბაზარზე დღეს რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია. საერთაშორისო ბაზრებზე კარგო გადაზიდვებზე მოთხოვა მზარდია და ესეც ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ევროპის ავტორიზაციის – TCO – მიღებაზე“, – განაცხადა ირაკლი მეზვრიშვილმა.
როგორც ცნობილია, Georgian Airlines-ი (“საქარველოს ავიახაზები”) ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს (Boeing 737-86N და Boeing 737-8SF) ფლობს. ავიაკომპანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მფლობელი 4 თებერვალს გახდა.
იმავდროულად, ავიაკომპანია საკუთარი ავიაფლოტის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს და ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს B767-300-ის დამატებაზე.