Marriott International-ი შემოდგომაზე თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის.
ახალი Paragraph Hotel Square 6 კატეგორიის 220 სასტუმრო ნომერს, საკონფერენციო დარბაზებს, საოფისე და სავაჭრო სივრცეს, საცურაო აუზს, სპას და ფიტნეს ცენტრს აერთიანებს. სასტუმროს ასევე აქვს მიწისქვეშა პარკინგი.
სასტუმროს ოპერირების დაწყების დროს პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო: ჯერ მისი გახსნა 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმებოდა, შემდეგ 2022 წლის ზაფხულში, ხოლო შემდეგ ეტაპზე კი მიმდინარე წლის ზაფხულში.
ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა ობიექტის საინვესტიციო ღირებულებაც: თავდაპირველად ინვესტორები 101 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდნენ, მაგრამ 2022 წელს პროექტის ღირებულება 120 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ბოლო ინფორმაციით, მთლიანმა ინვესტიციამ 142 მილიონი დოლარი შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროს საკუთარი საბაგირო გზა ექნება. იგი სასტუმროს კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც მდებარეობს სოლოლაკის მთის ქედზე – Paragraph Hotel & Convention Center-ის გოლფის კლუბთან დააკავშირებს – მისი მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს.