ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტული კომპანიის „აღმოაჩინე საქართველო/Discover Georgia”-ს ტუროპერატორის სასწავლო კურსის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. „აღმოაჩინე საქართველო/Discover Georgia საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ პროფესიული პრაქტიკა და დასაქმდნენ იმავე ან ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა კომპანიაში. ღონისძიება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიონალი კადრების მომზადების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში პროფესიულ კადრებზე მოთხოვნა ძალიან მზარდია და ამდენად, ამ გამოწვევის დაძლევა პრიორიტეტული ამოცანაა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას, ინდუსტრიის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, ერთი მხრივ, კერძო სექტორთან, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შემუშავდეს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სასწავლო პროგრამები და საქართველოს ტურისტული ბაზარი პროფესიონალი კადრებით იყოს უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემა მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული ამ მიმართულებით და ბაზარზე არის პროფესიული ტურისტული პროგრამების არჩევანი, მაგრამ ჩვენს დღის წესრიგშია ამ პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა საქართველოს ტურისტული ბაზრისთვის უფრო მეტი პროფესიონალი კადრი მოვამზადოთ,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტურიზმის სფეროსა და განათლების სექტორის დაახლოებას და შრომითი ბაზრისთვის პროფესიონალი კადრების მომზადებას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორები, ტურიზმის ინდუსტრიის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიები და უნივერსიტეტების პროფესორ – მასწავლებლები ტურიზმის მიმართულებით.