მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თემატური პანელი სახელწოდებით – „ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, მან მშვიდობის ჩამოყალიბების პროცესში ტურიზმის როლთან დაკავშირებით შეკითხვაზე გასცა პასუხი.
„საქართველოში თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით თავისუფლების და მშვიდობის ფასი – შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 12 წელიწადში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარება, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა და ამავე დროს, არსებულმა სტაბილურობამ მცირე და საშუალო ბიზნესს მისცა განვითარების, ზრდის, ახალი ინდუსტრიების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმარი თავს ისე გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში.
„ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იწყება მშვიდობითა და სტაბილურობით, დანარჩენი ყველაფერი სწორედ ამას ეფუძნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფლები. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენმა პატივცემულმა სტუმრებმა დაინახეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ჩვენი ძირძველი ქალაქი. თქვენ ხედავთ, რომ ქრისტიანული ეკლესიის გვერდზე დგას სინაგოგა და იქვე მეჩეთია. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი სურათი იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო წლების განმავლობაში. ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ადამიანებს, შესაბამისად, საქართველო არის სწორედ ასეთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები მსჯელობენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ.