ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, უმსხვილესი საავიაციო გამოფენის International Paris Air Show 2025-ის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს ხუან კარლოს სალაზარს შეხვდა.
შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ამოქმედება და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყება წარმოადგენდა.
მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ICAO გააგრძელებს საჭირო ზომების გატარებას ოკუპირებული რეგიონიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის მიზნით.
თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია, როგორც გაეროს სტრუქტურა, მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი და მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე მოხდება.
ასევე აღსანიშნია, რომ რამდენადაც სოხუმის აეროპორტი მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას კონტროლი განახორციელოს ფრენების უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროებაზე, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე, ICAO-ს სოხუმის აეროპორტისთვის მოხსნილი აქვს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოდი.
მინისტრის მოადგილემ ICAO-ს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე ტენდენციები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია დარგის შემდგომი განვითარების და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელების შედეგად საქართველო შეძლებს, სრულფასოვნად შეასრულოს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.
ICAO-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც საქართველომ განახორციელა სამოქალაქო ავიაციის სექტორში საერთაშორისო რეგულაციების დანერგვის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია საავიაციო ზედამხედველობის მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით.