მალტა აპირებს ახალი ეროვნული ავიაკომპანიის შექმნას, რომელიც შეცვლის ამჟამინდელ ეროვნულ ავიაგადამზიდავ Air Malta-ს, განაცხადა მალტის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ.

მალტის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკომისიამ არ დაამტკიცა 290 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარება Air Malta-სთვის, რომელიც ფინანსურ სირთულეებს განიცდის.

სამაგიეროდ, სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ევროს, რათა შეიქმნას ახალი გადამზიდავი.

ახალი Air Malta

მალტის ახალ ეროვნულ ავიაკომპანიას KM Malta Airlines-ი ერქმევა, მაგრამ შესაძლოა Air Malta ბრენდის ქვეშ განახორციელოს ოპერირება, რადგან ის სახელმწიფოს საკუთრებაა.

ცნობილია, რომ ახალი ავიაკომპანია გადაიყვანს 400 თანამშრომელს ძველი Air Malta-დან, ისევე როგორც მის მთელ ფლოტს, რომელიც რვა Airbus A320-სგან შედგება.

მთავრობა აპირებს გამოყოს 300 მილიონი ევრო სამი თვითმფრინავის, ანგარისა და ლონდონის ჰითროუს და გეტვიკის აეროპორტების მიმართულებით ფრენის სლოტების შესაძენად.

მალტის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ახალი ავიაკომპანიის კონცეფციის თანახმად, ის ყურადღებას გაამახვილებს 17 მომგებიან მარშრუტზე, გააუმჯობესებს თვითმფრინავების გამოყენებას და შეამცირებს ხარჯებს. დაიკეტება ექვსი წამგებიანი მარშრუტი. ეს საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას გახდეს მომგებიანი ფრენების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში.

მალტის მთავრობის პრეზენტაციაში მითითებულია, რომ ყოველი რეისი 4000 ევროს ზარალს აყენებდა Air Malta-ს, მაშინ როცა KM Malta Airlines-ს შეუძლია თითქმის 3000 ევროს გამომუშავება ყოველ ფრენაზე.

KM Malta Airlines-ი ფრენების განხორციელებას 2024 წლის 31 მარტიდან დაიწყებს. ამრიგად, Air Malta-ს ფლოტი და თანამშრომლები ახალ გადამზიდველზე გადავა.