ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაისი-სექტემბერის ავიაბილეთებზე ჯავშნები 35%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს იყო, – განაცხადა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA).

ჯავშნების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (2,3-ჯერ) და ახლო აღმოსავლეთში (1,4-ჯერ). ევროპასა და აფრიკაში ზრდა იყო 40% და 36%, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში კი 21% და 14% შესაბამისად.

როგორც IATA-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 11 ქვეყანაში 4,7 ათასი მოგზაურის გამოკითხვის თანახმად, მათი 79%-ი ამ ზაფხულს გეგმავს მოგზაურობას.

დაახლოებით 85%-მა თქვა, რომ პიკის სეზონზე მოგზაურობის დროს შეფერხებები გასაკვირი არ უნდა იყოს. ამავდროულად, 80% პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგვარებულად მიიჩნევს და მშვიდ მგზავრობას ელის.

“წელს ჩრდილოეთ ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკის მოლოდინი დიდია. ბევრისთვის ეს იქნება მათი პირველი მოგზაურობა პანდემიის შემდეგ”, – თქვა ნიკ კარინმა, IATA-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა უსაფრთხოების საკითხებში. “მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსალოდნელი იყოს გარკვეული შეფერხებები, ნათელია, რომ 2022 წელს ზოგიერთი ძირითადი აეროპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება“.

IATA წარმოადგენს 300 ავიაკომპანიას მთელს მსოფლიოში, რომლებიც გლობალური საჰაერო მოგზაურობის დაახლოებით 83%-ს შეადგენს.