ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან 2024 წელი შეაჯამა და 2025 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესრელიზშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, შეხვედრას ტურისტული კომპანიების, გიდების, ასოციაციების, განთავსების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაია ომიაძემ სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც გასულ წელს, ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელია, 4.4 მილიარდი დოლარი.
მაია ომიაძემ საერთაშორისო ვიზიტორთა დანახარჯების მახასიათებლები მიმოიხილა და საზოგადოებას ახალი განთავსების ობიექტების სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც, ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები: „გემო ფესტი“, „მზისკარი“ და „ღვინის გზა“.
სექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების შესახებ, რომლის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2024 წელს 2000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.
მაია ომიაძემ მიმოიხილა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, ბილიკების მარკირება, ასევე ციფრული პროექტები, რომლის ფარგლებში საერთაშორისო გამოფენების სარეგისტრაციო პორტალი exhibition.gnta.ge და კერძო სექტორის პოპულარიზაციისთვის ონლაინ მონაცემთა ბაზა places.georgia.travel შეიქმნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2025 წლის მარკეტინგულ კამპანიებს, სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის დაგეგმილ პროექტებს.