ესპანეთში, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის, ტურიზმის ევროპის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელს გორდულა ვოლმუტერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ევროპის ქვეყნებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გადამზადების კურსების გამართვასა და კერძო სექტორის მხარდაჭერას რეგიონებში.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროგრამებისა თუ ინიციატივების მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები, ახალი ინიციატივები, კერძო სექტორისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ტრენინგების საკითხები განვიხილეთ, ასევე თუ რა პროექტები შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ, გამოვიყენოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გამოცდილება და რეპუტაცია, რომ საქართველოში ბევრად მეტი ახალი ინიციატივა დავნერგოთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

„ჩვენ შეხვედრაზე აღვნიშნეთ ის წარმატებული ღონისძიება, რომელიც თბილისში, მსოფლიო ტურიზმის დღეს გაიმართა, რომლის მთავარი თემა მშვიდობა იყო. ჩვენ განვიხილეთ ახალი იდეები და ინიციატივები, საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის მიზნით, ასევე რეგიონებში ტრენინგების ჩატარების საკითხი. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი საქართველოს ტურიზმის სექტორისა  და ინდოეთსა და ჩინეთში ახალი ტურისტული ბაზრების გახსნის შესახებ “,-განაცხადა ტურიზმის ევროპის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელმა.