კერძო ავიაციის კომპანია Magellan Jets-მა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სპეციალური პროდუქტი, „World’s Game Jet Card“ გამოუშვა, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს შორის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ნახევარმილიონიანი პაკეტი განკუთვნილია რვა მგზავრისთვის და მოიცავს ფრენებს Bombardier Challenger 300 ტიპის ხომალდით 13-დან 27 ივნისამდე პერიოდში. მარშრუტი აერთიანებს ტურნირის ექვს მასპინძელ ქალაქს: ბოსტონს, ატლანტას, ტორონტოს, ფილადელფიას, ნიუ-იორკსა/ნიუ-ჯერსისა და მაიამის.
პაკეტის ღირებულებაში შედის პრემიუმ კლასის კვება ბორტზე და სახმელეთო ტრანსპორტირება კერძო ტერმინალებიდან პირდაპირ სტადიონებამდე ყველა ქალაქში. გარდა ამისა, თითოეულ კლიენტს ეყოლება პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაეხმარება სასტუმროების შერჩევასა და მატჩებზე დასასწრები ბილეთების მოძიებაში, თუმცა თავად ბილეთების საფასური პაკეტში არ შედის. კომპანიის განმარტებით, ფრენების განხორციელება დამოკიდებული იქნება აეროპორტებში თავისუფალი ადგილების (სლოტების) არსებობაზე.
Magellan Jets-მა ასევე გაითვალისწინა ის შემთხვევაც, თუ მყიდველი სრულად ვერ გამოიყენებს ბარათზე არსებულ თანხას ტურნირის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ნაშთის გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვა ნებისმიერი ფრენისთვის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც. აღნიშნული შეთავაზება გათვლილია იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც სურთ თავიდან აიცილონ მასშტაბური ღონისძიების დროს აეროპორტებში არსებული ქაოსი და მიიღონ მაქსიმალური კომფორტი მოგზაურობისას.












