“M&I Tbilisi 2024“ ფორუმის თბილისში გამართვას კომპანია BTL Georgia-ს წარმომადგენელი გურამ ავალიანი საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს დიდ აღიარებად აფასებს.
„როგორც ყოველთვის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით და გიგანტური შრომით ვუმასპინძლეთ M&I-ის ფორუმს. საქართველოში. ამ ღონისძიებას ჩვენ კომპანიაში ვეძახით კორპორაციული ტურიზმის უიმბლდონს, გამომდინარე იქიდან რომ საქმიანი ტურიზმის მსოფლიო მოთამაშეები ჩამოვიდნენ. ძალიან მისასალმებელია და ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის როგორც კომპანიისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მიგვაჩნია რაც უფრო მეტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანია გაიცნობს საქართველოს მით უფრო დიდი ალბათობაა მივიღოთ მსოფლიო ტურიზმის რუკაზე ის ადგილი, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანია ვუმიზნებთ. აქვე გაგიზიარებთ, რომ თვითონ ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა. წარმომადგენლები ძალიან დაინტერესებულნი არიან ჩვენი რეგიონებით“,-განაცხადა გურამ ავალიანმა.
M&I Tbilisi-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს M&I Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.
ფორუმის მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე არსებულ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.