გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტების გაფიცვის გამო 3 სექტემბერს ჩანიშნული მიუნჰენი-თბილისი-მიუნჰენის რეისი გაუქმდება. აღნიშნული შესახებ ინფორმაცია AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში დაუდასტურეს.

არეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 სექტემბერს 04:05 საათზე უნდა შესრულებულიყო, ხოლო თბილისი-მიუნჰენის რეისი კი 05:05 საათზე.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ავიაკონცერნის, Lufthansa-ს პილოტები 2 სექტემბერს გაიფიცნენ, თუმცა აღნიშნული გამთენიისას მიუნჰენი-თბილისი-მიუნჰენის რეისს არ შეხებია და გეგმის მიხედვით შესრულდა.

მთლიანობაში 2 სექტემბერს ავიაკომპანიის 800 საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი გაუქმდა, რომლითაც 130 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა.

მფრინავების პროფკავშირი მოითხოვს, რომ ავიაკონცერნმა 5 ათას კაპიტანსა და პირველ პილოტს ხელფასი წელსვე გაუზარდოს 5.5%-ით და ავტომატურად მიაბას ინფლაციის მაჩვენებელს. Lufthansa-სთვის ეს მოთხოვნა მიუღებელია, რადგან მისი დაკმაყოფილება უახლოესი ორი წლის განმავლობაში ხარჯებს 40%-ით, დაახლოებით 900 მილიონი ვეროთი გაუზრდის. ავიაკონცერნი აცხადებს, რომ პროფკავშირს სოციალურად დაბალანსებული, კარგი პაკეტი შესთავაზა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ივლისის ბოლოს გაფიცული იყო გერმანული ავიაკონცერნის სახმელეთო პერსონალიც.