გამოცემა Airline Travel News ავრცელებს ინფორმაციას Lufthansa Group-ისა და ტექნოლოგიური გიგანტის, Amadeus-ის ახალი პარტნიორობის შესახებ, რომელიც საავიაციო ბილეთების დაჯავშნის სისტემაში რევოლუციურ ცვლილებებს შეიტანს.

Lufthansa Group-ი (რომელშიც შედიან Lufthansa, Swiss, Austrian Airlines, Brussels Airlines და Eurowings) იწყებს გადასვლას სრულიად ახალ სისტემაზე, რაც მგზავრობის მართვას ბევრად უფრო ინტუიციურს გახდის.

ქამდე არსებული დაჯავშნის კოდისა (PNR) და ბილეთის ნომრების ნაცვლად, ინერგება ერთიანი საიდენტიფიკაციო ნომერი — Order ID. ეს ნომერი ერთ სივრცეში გააერთიანებს მოგზაურობის ყველა კომპონენტს: ფრენას, შერჩეულ ადგილს, ბარგს, კვებას და დამატებით სერვისებს (მაგ. ლაუნჯში შესვლა ან აპგრეიდი).

სისტემის სტანდარტიზაცია საშუალებას მისცემს მგზავრებს, ბევრად უფრო სწრაფად და მოსახერხებლად შეცვალონ ფრენის თარიღი ან დაამატონ სერვისები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეისის დაგვიანების ან გაუქმების დროს — მგზავრი “ერთი დაწკაპუნებით” მიიღებს ალტერნატიულ ვარიანტებს.

მომხმარებლისთვის უფრო ნათელი გახდება, თუ რა შედის მათ მიერ შეძენილ პაკეტში და რა დამატებითი ოფციებია ხელმისაწვდომი, რაც აქამდე სხვადასხვა სისტემაში იყო გაფანტული.

ახალი Order ID სისტემა Lufthansa-ს ჯგუფის ავიაკომპანიებში ეტაპობრივად დაინერგება. აღსანიშნავია, რომ ის შეავსებს უკვე არსებულ Travel ID-ს (რომელიც მგზავრის პირად პროფილს ინახავს).

საავიაციო ინდუსტრია ათწლეულების განმავლობაში იყენებდა მოძველებულ, დანაწევრებულ სისტემებს. Lufthansa-ს ეს ნაბიჯი ავიაციას უახლოებს თანამედროვე ონლაინ-შოპინგის მოდელს (როგორც Amazon-ზე), სადაც ერთი შეკვეთის ნომრის ქვეშ ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივად სამართავია.