Lufthansa-მ მიუნხენი-თბილისის ორი ავიარეისი დაამატა და ჯამში მგზავრებს ამ მიმართულებით 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება თანამედროვე ეარბას A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით.

დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს – განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან. Lufthansa-ს ყველა მგზავრს საშუალება აქვს, მიუნხენიდან გადაადგილდეს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით. თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადის 14%-იან ზრდას განაპირობებს. სწორედ მიუნხენშია Lufthansa-ს ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და კომფორტული ტერმინალით. ტერმინალს Skytrax 5-Star ჯილდოც აქვს მიღებული.

“ცხრა ყოველკვირეული რეისის არსებობით, საქართველოს დედაქალაქიდან მიმავალ თუ თბილისში მომავალ მგზავრებს უფრო დიდი არჩევანის საშუალება აქვთ. Lufthansa დამატებითი რეისები ეხმაურება მგზავრების დიდ მოთხოვნას, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და თბილისისა თუ რეგიონების მასშტაბით ვიზიტორების მზარდი რაოდენობა განაპირობებს. Lufthansa-ს მოღვაწეობა საქართველოში ცხადი პოზიტიური მაგალითია იმისა, რომ ჩვენს გრძელვადიან და მდგრად სტრატეგიას ზრდისა და წარმატებისკენ მივყავართ“ – აღნიშნა შტეფან კროიცფეინტერმა, Lufthansa-ს გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 22 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს.

2005 წლის 5 ივნისს Lufthansa-ს თვითმფრინავი საქართველოში პირველად ჩამოფრინდა. მას შემდეგ, ბოლო 14 წლის განმავლობაში, Lufthansa იქცა საიმედო ბმულად, რომელიც საქართველოს ევროპის გულთან აკავშირებს და თბილისსა და მიუნხენს შორისა თუ მის ფარგლებს გარეთ მილიონზე მეტი მგზავრის გადაადგილებას უზრუნველყოფს. ქართელ მგზავრებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებები. Lufthansa-ს ერთ-ერთ ავიაგადამზიდს, „ავსტრიის ავიახაზებს“ საქართველოში მოღვაწეობის კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს. „ავსტრიის ავიახაზებმა“ თბილისიდან ოპერირება ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო და 2010 წლამდე განაგრძობდა. ამჟამად „ავსტრიის ავიახაზები“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ თანამშრომლობს და მგზავრებს სთავაზობს რეისებს ვენის მიმართულებით.

„საქართველო Lufthansa-ს წარმატების მაგალითია. ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ გამარტივებული სამოგზაურო რეგულაციები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. Lufthansa იყო ერთ-ერთი პირველი დასავლეთ ევროპული ავიაკომპანია, რომელმაც თბილისში ოპერირება დაიწყო“ – აღნიშნა რენე კოინზეკმა, Lufthansa-ს გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში.

თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის რეისის ბილეთის ფასი 791 ლარიდან იწყება, ხოლო მიუნხენის გავლით თბილისი-ნიუ იორკის რეისის ბილეთის ფასი – 2,274 ლარიდან. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია lufthansa.com-ზე ან ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით.