ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გახსნა, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, კომპანია მიუნხენის მიმართულებით აგვისტოდან კვირაში 2 რეისს შეასრულებს.
მთავრობა მუშაობს ასევე ფრენების განახლებაზე AirBaltic-სა და AirFrance-თან.
შეგახსნებთ, რომ საქართველომ საზღვარი გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიტუვას და ესტონეთს გაუხსნა.
ამავდროულად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:
13 ივლისი – ვარშავა,
15 ივლისი – ბარსელონა,
17 ივლისი – რომი,
22 ივლისი – პარიზი,
28 ივლისი – ათენი.
რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.
უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.