Lufthansa არ აპირებს მგზავრებს, საავიაციო გადასახადის გაზრდის წინ დამატებითი საფასური გადაახდევინოს. ამ სხვაობას კომპანია თავად დაფარავს. საუბარია იმ მგზავრებზე, რომლებმაც ბილეთები 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ დაგეგმილ რეისებზე შეიძინეს.
როგორც avianews-ს Lufthansa-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბორის ოგირსკიმ განუცხადა, გაზრდილო გადასახადი არ ნიშნავს, რომ ბილეთებზე სხვაობას მთლიანად მგზავრი გადაიხდის.
”ევროპის ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენციის გამო, შეუძლებელოა ვივარაუდოთ, რომ მაღალი საავიაციო გადასახადი ბილეთის ფასში ერთი ერთში აისახოს”, – განმარტავს ავიაკომპანიის პრესსპიკერი.
როგორც ცნობილია, 2020 წლის 1-ელი აპრილიდან გერმანია საავიაციო გადასახადს ზრდის. გერმანიის ბუნდესტაგმა საავიაციო გადასახადის ზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
მაშ ასე, გერმანიის მთავრობამ შიდა და ევროპულ რეისებზე, საავიაციო გადასახადი გააძვირა და ის მოკლე დისტანციაზე (ზონა 1) 7,38 ევროდან 13.03 ევრომდე გაიზარდა.
გადასახადი საშუალო დისტანციაზე, რომელიც 6000 კმ-მდე მანძილს მოიცავს (ზონა 2), 23.05 ევროდან 33.01 ევრომდე განისაზღვრა.
ხოლო მოსაკრებელი გრძელ მაგისტრალურ რეისებზე (ზონა 3), 41,49 ევროდან 59.43 ევრომდე გაძვირდა.
გერმანიის მთავრობის გათვლებით, 2020 წელს საავიაციო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 470 მილიონი ევრო იქნება. 12 თვეზე გადაანგარიშებით კი შემოსავალი დაახლოებით 785 მილიონი ევროს მიაღწევს.
გადასახადის განაკვეთის ზრდას, გერმანიის მთავრობაში, გარემოს დაცვით და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სურვილით ხსნიან.
იმისათვის, რომ მგზავრების სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების სტიმულირება მოხდეს, ავიაბილეთებზე გადასახადის ზრდის პარალელურად, გერმანიის მთავრობა საქალაქთაშორისო მატარებლის ბილეთებზე დღგ-ს განაკვეთის 19%-დან 7%-მდე შემცირება აპირებს.