გერმანიის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ საკუთარი ფლოტის განახლებისთვის 22 გრძელმაგისტრალური საჰაერო ხომალდი შეუკვეთა.  Avianews-ის ცნობით, ახალი თვითმფრინავები ავიაკომპანიამ შეუკვეთა როგორც Airbus-ს ასევე Boeing-ს.

ახალი ფლოტის ღირებულება 7,5 მილიარდი დოლარი იქნება. გარიგებაში შედის ათი Airbus A350-1000, ხუთი Airbus A350-900 და შვიდი Boeing 787-9.

შეკვეთის გარიგება შეთანხმებულია გერმანული ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთან. კონტრაქტების ფარგლებში თვითმფრინავების მიწოდება 2025 წელს დაიწყება. ამის და წინასწარი შეკვეთების გათვალისწინებით, Lufthansa Group-ის განკარგულებაში 108 ახალი გრძელმაგისტრალური თვითმფრინავი იქნება. სიაში შედის A350-900, A350-1000, Boeing 787-9 და Boeing 777-9.

ყველა ახალ თვითმფრინავს აქვს მხოლოდ ორი ძრავა, ხოლო ძველ ვერსიებში ყველა გრძელმაგისტრალურ საჰაერო ხომალდს ოთხი ძრავა ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ასეთი თვითმფრინავები უფრო საიმედო იყო და, ერთ-ერთი ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ უსაფრთხოდ დაშვებას აეროდრომზე გადაუდებელი საჭიროებისთვის.

თუმცა, გასული ათწლეულების განმავლობაში, მწარმოებლებმა შეძლეს დაამტკიცონ გრძელვადიანი ორძრავიანი თვითმფრინავების საიმედოობა და ავიაკომპანიებმა დაიწყეს მათზე გადასვლა, რადგან ისინი უფრო ეკონომიურია.

Lufthansa-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას მოძველებულ ოთხძრავიან თვითმფრინავებზე, რომლებსაც ის ჯერ კიდევ იყენებს – Boeing 747-400, Airbus A340-600, Airbus A340-300.

ახალი თვითმფრინავების მიღების შემდეგ, Lufthansa-სა და მისი შვილობილი ავიაკომნპანიების ფლოტში ოთხძრავიანი თვითმფრინავების წილი 15%-მდე შემცირდება, მაშინ როცა 2020 წელს 50%-ს შეადგენდა.