გერმანულმა საავიაციო გიგანტმა Deutsche Lufthansa AG-მ 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება ორჯერ მეტად გაზარდა, რასაც ხელი შეუწყო ნავთობის ფასების კლებამ და მგზავრების რაოდენობის ზრდამ. ამის შესახებ ინტერფაქსი იუწყება.
ავიაკომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, აპრილი-ივნისის პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 1.01 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (469 მილიონი ევრო) ორჯერ მეტია. კორექტირებული EBIT (მოგება პროცენტებისა და გადასახადების დარიცხვამდე) 27%-ით გაიზარდა და 871 მილიონ ევროს მიაღწია, რითაც ანალიტიკოსების 805 მილიონი ევროს პროგნოზს გადააჭარბა.
Lufthansa-ს კვარტალურმა შემოსავალმა 10.32 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 3%-იანი ზრდაა წინა წლის 10 მილიარდ ევროსთან შედარებით. ექსპერტების პროგნოზი, საშუალოდ, 10.8 მილიარდი ევრო იყო.
მეორე კვარტალში ავიაკომპანიამ 37.1 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით მეტია. ფრენების გამტარუნარიანობა 4%-ით გაიზარდა, თუმცა დატვირთულობის მაჩვენებელი 82.2%-დან 82%-მდე ოდნავ შემცირდა.
კომპანია ადასტურებს კორექტირებული EBIT-ის მთელი წლის პროგნოზს და ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი „მნიშვნელოვნად მაღალი“ იქნება გასული წლის 1.6 მილიარდ ევროსთან შედარებით, მიუხედავად „გეოპოლიტიკური კრიზისებისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობისა“.
ვაჭრობის ბოლო სესიაზე Lufthansa-ს აქციები 1.3%-ით დაეცა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 19.5%-ით არის გაზრდილი.












