უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აპირებს რადიკალური გარემოსდაცვითი მოძრაობის Letzte Generation-ის („უკანასკნელი თაობა“) აქტივისტებისგან კომპენსაცია მოითხოვოს.

ივლისის შუა რიცხვებში Letzte Generation-ის აქტივისტებმა ჰამბურგისა და დიუსელდორფის აეროპორტებში ასაფრენი ბილიკები გადაკეტეს, რამაც გამოიწვია ფრენების გაუქმება. შედეგად გაუქმდა რამდენიმე ათეული ფრენა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Lufthansa-ს სურს მოითხოვოს კომპენსაცია შეფერხებებისა და გაუქმების გამო არა მხოლოდ მისი, არამედ კონცერნის შვილობილი კომპანიების ყველა ფრენისთვის. თავდაპირველად კომპანიამ ზარალის ოდენობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის მილიონობით ევროს უნდა შეადგენდეს. მხოლოდ Eurowings-ში, Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაში, სამი დღის განმავლობაში 55 ფრენა გაუქმდა.

როგორც ცნობილია, 13 ივლისს ეკო-რადიკალებმა გადაკეტეს ასაფრენი ბილიკები ჰამბურგის და დიუსელდორფის აეროპორტებში, რამაც გამოიწვია საჰაერო მიმოსვლის სერიოზული შეფერხება. Letzte Generation კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის, საავტომობილო გზებზე სიჩქარის შეზღუდვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირების მოწოდებით გამოდის.