Deutsche Lufthansa AG და Air France-KLM დამოუკიდებლად იკვლევენ TAP Air Portugal-ის უმსხვილესი წილის შეძენის შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც პორტუგალიის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს გაყიდოს საკუთარი წილი აღნიშნულ ავიაკომპანიაში.
პორტუგალიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა ავიაკომპანიის პრივატიზაციის გეგმა. ხელისუფლება ეძებს მსხვილ ინვესტორებს, რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ აქციები TAP Air-ში და ინვესტიცია განახორციელონ ლისაბონის ჰაბ აეროპორტის განვითარებაში, ისევე როგორც სხვა აეროპორტების შესაძლებლობების გაზრდაში, თქვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ფერნანდო მედინამ.
მისი თქმით, ავიაკომპანიას სტრატეგიული წვლილი შეაქვს პორტუგალიის ეკონომიკაში და ამიტომ მთავრობა დაინტერესებულია პირველ რიგში TAP Air-ის სამომავლო პერსპექტივით და არა გარიგების ფინანსური კომპონენტით.
ავიაკომპანიის ახალ მფლობელს ექნება წვდომა გადამზიდავის ფართო მარშრუტების ქსელზე, რომელიც მოიცავს სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის პორტუგალიურენოვან ქვეყნებს.
TAP Air-ის პრივატიზების გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპის საავიაციო ინდუსტრიის შემდგომი კონსოლიდაცია. ამგვარად, Lufthansa-მ ადრე შეიძინა იტალიური ITA Airways-ის 41%-იანი წილი, ხოლო დედა კომპანია British Airways International დათანხმდა ესპანური Air Europa-ს შეძენას.
შესაძლო გარიგების კომენტირებისას, Lufthansa-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ცდილობს მუდმივად გაზარდოს თავისი წილი საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე. Air France-KLM-მა, თავის მხრივ, დაადასტურა შესყიდვისადმი ინტერესი და აღნიშნა, რომ ამჟამად ელიან უფრო დეტალურ ინფორმაციას აქტივების გაყიდვის პირობებზე.