გერმანული საავიაციო ჯგუფი Lufthansa ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის აქციების დაახლოებით 10%-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere della Sera, ბალტიისპირეთის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება საბოლოოდ გაფორმებული არ არის და პირობები შეიძლება შეიცვალოს.
airBaltic-ის ბიზნესის შეფასების საფუძველზე, ლატვიური ავიაკომპანიის შეძენა გერმანულ ჯგუფს შესაძლოა 30 მილიონი ევრო დაუჯდეს.
ლატვიის მთავრობა ამჟამად ფლობს airBaltic-ის აქციების დაახლოებით 98%-ს. 2025 წელს, გადამზიდავი IPO-ს გეგმავს, საიდანაც მას 250 მლნ ევრომდე მოზიდვა შეუძლია. თანხა გამოყენებული იქნება ავიაკომპანიის შემდგომი გაფართოების დასაფინანსებლად და ოპერატიული საქმიანობის მხარდასაჭერად. ლატვია აპირებს შეინარჩუნოს მინიმუმ 25% პლუს ერთი აქცია ავიაკომპანიის კაპიტალში.
მიუხედავად იმისა, რომ airBaltic-ს არ აქვს ძლიერი ჰაბი რიგის აეროპორტში, გადამზიდავი მაინც მიმზიდველია 48 ერთეული Airbus A220-ით შემდგარი ფლოტის წყალობით, რომელიც ახორციელებს მოკლე და საშუალო მანძილზე ფრენებს. 2029 წლისთვის ავიაკომპანიის ფლოტი კიდევ 42 თვითმფრინავით გაიზრდება, რაც ავიაკომპანიას განსაკუთრებით ღირებულს გახდის Lufthansa-სთვის ახალი ძრავების მიწოდებისა და ექსპლუატაციის გამოწვევების გათვალისწინებით.
Lufthansa უკვე იყენებს airBaltic თვითმფრინავებს, როგორც ზიარი კოდის ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც მხარეებს შორის 2021 წელს გაფორმდა. ის Lufthansa-ს და მისი შვილობილი ავიაკომპანიების Swiss-ის და Austrian Airlines-ის მგზავრებს საშუალებას აძლევს airBaltic ფრენებით ისარგებლონ.
2023 წელს ამ თანამშრომლობამ ლატვიურ გადამზიდველს 100,7 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა. 2024 წლის პირველ ნახევარში Lufthansa-ს მიერ გადაყვანილი 3.6 მილიონი მგზავრიდან მესამედზე მეტი airBaltic-ის მგზავრი იყო.
2024 წლის სექტემბერში პარტნიორებმა ხელი მოაწერეს ახალ სამწლიან შეთანხმებას: airBaltic-იზაფხულის ფრენებისთვის Lufthansa-ზე 21-მდე თვითმფრინავს იჯარით გასცემს.
airBaltic-ის მიმართ ინტერესი გერმანული გიგანტის ევროპული გაფართოების გეგმების ნაწილია. Lufthansa ასევე ასრულებს იტალიური ITA Airways-ის 41%-ის შეძენის პროცესს. სექტემბერში, Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა აღნიშნა, რომ კონსოლიდაციის პრიორიტეტულ სფეროებად რჩება პორტუგალიური TAP და ესპანური Air Europa, სადაც გერმანელები კონკურენციას უწევენ ავიაკომპანიების ჯგუფებს IAG (British Airways, Iberia, Aer Lingus, Vueling) და Air France – KLM.