მსხვილი ავიაკომპანია Lufthansa შეისწავლის Ita Airways-ში წილის 90%-მდე გაზრდის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ (EC) იტალიური კომპანიის 41%-იანი წილის შეძენა დაამტკიცა.
როგორც Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა განაცხადა, Ita Airways-ის 90%-იანი წილის მოპოვების შესაძლებლობა 2025 წლის დასაწყისში გამოჩნდება. მან დაამატა, რომ ის ელის, რომ იტალიის მთავრობა შეინარჩუნებს წილს კომპანიაში.
Ita Airways-ის პრეზიდენტის, ანტონინო ტურიჩის თქმით, კონცერნის საწყისი ინვესტიციის შესახებ გარიგების დახურვა ნოემბერში მოხდება.
Reuters-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2023 წელს, Lufthansa-ს მენეჯმენტმა გააჟღერა წილის გაზრდის განზრახვა 41%-იანი წილის გამოსყიდვიდან ერთი წლის შემდეგ. ამავდროულად, იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ჯანკარლო ჯორჯეტის თქმით, ქვეყნის მთავრობა შეეცდება „ნაციონალური ინტერესების დასაცავად“ შეინარჩუნოს გარკვეული ზედამხედველობა Ita Airways-ზე.