პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების აღდგენას 1-ლი ივლისიდან ვარაუდობს. ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში იმ მიმართულებების რუკა გამოაქვეყნა, სადაც 1-ლი ივლისიდან პირდაპირ, რეგულარულ რეისებს აღადგენს. მიმართულებების რუკაზე ვარშავა-თბილისის მიმართულებაცაა.
“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ფრენების ნაწილს 1 ივლისიდან აღვადგენთ. აღნიშნული საერთაშორისო ფრენების ქსელი მოქმედია 14 ივლისამდე. ყველა საერთაშორისო ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება 18 ივნისიდან. შეამოწმე, სად შეგიძლია წასვლა”, აღნიშნულია LOT Polish Airlines-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რეგულარული ფრენების შეწყვეტის შემდეგ ავიაკომპანიამ ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე რამდენიმე სპეცრეისი განახორციელა და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.