პოლონეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა LOT Polish Airlines-მა (LOT) გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-თან ლოგოტიპთან დაკავშირებით სასამართლო დავა წამოიწყო. საქმე იმაშია, რომ ორივე ავიაკომპანიის ლოგოზე წეროა გამოსახული. Lufthansa-ს მიერ განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა ლოგოს ფერი,  LOT-ში მიაჩნიათ, გერმანული და პოლონური ავიაკომპანების ლოგოებზე გამოსახული წეროები ერთმანეთის მსგავსნი გახდნენ.

LOT-მა იურიდიული კომპანიის დახმარებით სასამართლოს უკვე მიმართა და ახალი ფერებით  Lufthansa-ს ლოგოს რეგისტრაციის შეჩერება მოითხოვა. Lufthansa-ს ახალ ლოგოზე წერო თეთრად ლურჯ ფონზეა დატანილი, წინა ლოგოზე კი ფრინველი მუქი ლურჯი იყო, ფონი კი ყვითელი.

პოლონური ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ მათი ლოგოები და მით უმეტეს წეროები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ამან შეიძლება მგზავრი შეცდომაში შეიყვანოს და Lufthansa-ს ბაზარზე უსამართლო უპირატესობა მისცეს.

უნდა აღინიშნოს, რომ Lufthansa-ს ლოგოტიპი ჯერ კიდევ 1918 წელს შეიქმნა და მის ავტორად ოტტო ფირლე მიიჩნევა. თუმცა არსებობს ვერსია, რომ მისი ავტორი წარმოშობით უკრაინელი მხატვარი რობერტ ლისოვსკი იყოს.  

რაც შეეხება LOT-ის ლოგოს, ის 1929-1930 წლებში შეიქმნა  და მას შემდეგ არ შეცვლილა, რადგანაც ყოველი ცვლილება მწვავე კრიტიკის საგანი ხდებოდა.