ლონდონის სითი აეროპორტი (LCY), 2026 წლის იანვრიდან, ავტომობილების მძღოლებისთვის, რომელიც მგზავრს აეროპორტში ჩამოსვამს (drop-off) სპეციალურ გადასახადს შემოიღებს. ამ გადაწყვეტილებით ის უერთდება ლონდონის სხვა დიდ აეროპორტებს — ჰითროუს, გატვიკს, სტანსტედსა და ლუტონს, სადაც მსგავსი ტარიფები უკვე მოქმედებს.

2026 წლის 6 იანვრიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრის ჩამოსმა (5 წუთამდე ხანგრძლივობით) 8 გირვანქა სტერლინგი ($10) ეღირება.  ყოველი მომდევნო წუთი 1 ფუნტით დაიბეგრება (მაქსიმუმ 10 წუთამდე).

გადასახადისგან გათავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ლურჯი ბარათის მფლობელები).

განიხილება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ლიცენზირებული ტაქსები და ე.წ. „Black Cabs“-ის მძღოლები გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რათა ხარჯი პროფესიონალ მძღოლებს არ დააწვეთ.

აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ნაბიჯი ემსახურება მგზავრების წახალისებას, გამოიყენონ საზოგადოებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. მათივე თქმით, ამჟამად მგზავრების ორი მესამედი უკვე სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გარდა ამისა, აღნიშნული ზომა ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიაზე საცობების შემცირებას.

მგზავრების ჩამოსმის საფასური ლონდონის სხვა აეროპორტებშიც იზრდება:

ჰითროუ: 6 ფუნტი ყოველ შესვლაზე.

გატვიკი, სტანსტედი და ლუტონი: ამჟამად 7 ფუნტი, თუმცა გატვიკმა უკვე დააანონსა, რომ 2026 წლის 6 იანვრიდან მინიმალური ტარიფი 10 ფუნტამდე გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ სერვისის ფასიანად ქცევის გამო, რაც წლების განმავლობაში უფასო იყო, აეროპორტები პოზიციას არ იცვლიან და გარემოსდაცვით ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას.