ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წელს რეკორდული 83,86 მილიონი მგზავრი გაატარა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 5,9%-ით მეტია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში შიდა ფრენებზე. შიდა ფრენებზე მგზავრთნაკადი 2024 წელს 10%-ით გაიზარდა და 4,665 მილიონი მგზავრი შეადგინა.
მგზავრთა მოძრაობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით და უკან ფრენებით 9,9%-ით გაიზარდა და 10,747 მლნ მგზავრი შეადგინა, ევროკავშირში ზრდა 7,4%-ი  დაფიქსირდა და აღნიშნულ მიმართულებებზე მგზავრთნაკადმა 28,107 მლნ შეადგინა, ხოლო ტრანსატლანტიკურ ფრენებზე მგზავრთნაკადი 3,3%-ით, 20,626 მილიონამდე გაიზარდა.
გასულ წელს ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის იყო ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, დუბლინი და მადრიდი.
აეროპორტის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 1,57 მლნ ტონას გადააჭარბა.
ჰითროუს ელოდება, რომ 2025 წელს მგზავრთა ტრაფიკი 84,2 მილიონს მიაღწევს. აეროპორტი საკუთარი გეგმების მისაღწევად 1 მილიარდზე მეტი ფუნტი სტერლინგის ინვესტირებას აპირებს.