ლონდონის „ჰითროუმ“ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას გაფართოების გეგმა ოფიციალურად წარუდგინა, რომელიც საკამათო მესამე ასაფრენი ბილიკის პროექტსაც მოიცავს.
კერძო აეროპორტის განცხადებით, ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენი ბილიკი გამტარუნარიანობას გაზრდის — არსებული 84 მილიონი მგზავრიდან 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის 150 მილიონამდე.
ამჟამად, ბილიკის ღირებულება 21 მილიარდი ფუნტია, და ის 49 მილიარდი ფუნტის ღირებულების ინფრასტრუქტურის უფრო დიდი გაფართოების ნაწილი იქნება.
პროექტი ასევე მოიცავს ახალ T5X ტერმინალს, რომელიც მოქმედი მეხუთე ტერმინალის „ახალი მეორე კარი“ გახდება. ასევე, გაფართოვდება მეორე ტერმინალი და დაემატება სამი დამატებითი ტერმინალი, რაც მესამე ტერმინალის ეტაპობრივ დახურვას გამოიწვევს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ნაწილი მესამე ასაფრენი ბილიკის გარეშეც განხორციელდება.
„ჰითროუს“ გენერალური დირექტორის, ტომას უოლდბაის თქმით, გაფართოება „არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი. ჩვენ ფაქტობრივად შესაძლებლობების ზღვარზე ვმუშაობთ, რაც ვაჭრობასა და სატრანსპორტო კავშირებს აზიანებს“.
აეროპორტში აცხადებენ, რომ პროექტი „100%-ით კერძო წყაროებიდან დაფინანსდება“. ამასთან, ავიაკომპანიებს ეშინიათ, რომ აეროპორტის უფრო მაღალი გადასახადების წინაშე აღმოჩნდებიან, რამაც შესაძლოა ავიაბილეთების ფასების ზრდა გამოიწვიოს.












