საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასულ წელს გლობალური საჰაერო გადაზიდვების საერთო მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელზე 3.8%-ით მაღალი იყო, ხოლო 2025 წელს ზრდის შეფერხება მოსალოდნელი არ არის.
ამ მონაცემების საფუძველზე, ანალიტიკურმა კომპანია OAG-მ გამოაქვეყნა ანგარიში „Megahubs 2025“, რომელშიც მსოფლიოს ის აეროპორტებია დასახელებული, რომლებიც საერთაშორისო მიმართულებებზე ყველაზე მეტ გადაჯდომით რეისს სთავაზობენ. ანგარიში შედგენილია მსოფლიოს 100 უმსხვილესი აეროპორტის 2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე ფრენების მონაცემებზე დაყრდნობით.
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტი კვლავ რეიტინგის ლიდერი გახდა, როგორც 2023 და 2024 წლებში. „ჰითროუ“ მგზავრებს სთავაზობს სულ 59,240 შესაძლო გადაჯდომას მსოფლიოს 226 მიმართულებით.
2025 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა:
მეორე ადგილი დაიკავა სტამბოლის აეროპორტმა, რომელმაც 2024 წელს მერვე ადგილიდან აინაცვლა. ეს ზრდა განპირობებულია გადაჯდომის შეთავაზებების 25%-იანი ზრდით.
ამსტერდამის „სხიპჰოლი“ მეოთხედან მესამე ადგილზე გადავიდა.
კუალა-ლუმპური, რომელიც 2024 წელს მეორე ადგილს იკავებდა, სამეულიდან გავარდა და მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
OAG-ის მთავარი ანალიტიკოსის, ჯონ გრანტის თქმით, „ჰითროუს“ მუდმივი დომინირება მიუთითებს მის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ტურიზმში, ხოლო სტამბოლის სწრაფი ზრდა აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება სატრანსპორტო კვანძები მგზავრობაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
„2025 წლის რეიტინგი ასევე ასახავს ბალანსს დამკვიდრებულ სატრანზიტო კვანძებსა და სერიოზულ კონკურენტებს შორის, რომელიც ჩამოყალიბდა მეგაჰაბების არსებობის ათი წლის განმავლობაში“, — აღნიშნა გრანტმა.












