NASA-ს ახალი ზესწრაფი საცდელი თვითმფრინავი, X-59, პირველი ფრენის წინ ბოლო შემოწმებებს გადის და მალე საჰაერო სივრცეში გამოჩნდება. როგორც Daily Mail იტყობინება, ამ პროექტს შეუძლია რევოლუცია მოახდინოს ტრანსატლანტიკურ ფრენებში, რადგან მისი სიჩქარე საათში დაახლოებით 1,593 კმ-ს მიაღწევს, რაც ფრენის დროს თითქმის განახევრებს.

თეორიულად, X-59-ს შეუძლია ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩაფრენა სულ რაღაც 3 საათსა და 44 წუთში, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული კომერციული რეისები.

247.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თვითმფრინავს, რომელსაც „კონკორდის შვილსაც“ უწოდებენ, განსაკუთრებული, ჩუმი დიზაინი აქვს. ხმამაღალი „სონიკ-ბუმის“ ნაცვლად, ის მხოლოდ ძლივს გასაგებ ხმას გამოსცემს. ეს ეფექტი მიღწეულია გრძელი, წვეტიანი ცხვირით, რომელიც ზესწრაფი ფრენის დროს წარმოქმნილ დარტყმით ტალღებს ფანტავს.

ამჟამად X-59-ს უსაფრთხოების საბოლოო შემოწმებები უტარდება კალიფორნიაში, აშშ-ის საჰაერო ძალების ქარხანაში (Plant 42). პირველი საცდელი ფრენა დაბალ სიმაღლეზე, საათში დაახლოებით 240 მილის სიჩქარით განხორციელდება, რათა ყველა სისტემა შემოწმდეს. სრული ზესწრაფი ტესტები კი მომავლისთვის არის დაგეგმილი.

„გუნდი ზედმიწევნით მუშაობს ყველა ნაბიჯზე – დაწყებული თვითმფრინავის მოძრაობით და აფრენით, დასრულებული კრეისერული ფრენითა და დაფრენით – უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადეს NASA-ს საცდელ ცენტრში.

თვითმფრინავი შემუშავდა კომპანია Lockheed Martin-ის მიერ, მას შემდეგ, რაც NASA-მ 2016 წელს კონტრაქტი გააფორმა. NASA-ს ადმინისტრატორის მოადგილის, პემ მელროის თქმით, X-59-ის პროექტი „მნიშვნელოვანი მიღწევა გახდება, რომელიც შეცვლის მოგზაურობის გზებს, სამყაროს უფრო დააახლოებს და მგზავრობის დროს შეამცირებს“.

პროექტის ინჟინერმა, პიტერ კოენმა ხაზი გაუსვა, რომ ზედმეტსახელის მიუხედავად, X-59 არ არის „კონკორდის“ პირდაპირი მემკვიდრე, არამედ ეს არის თვითმფრინავი, რომელსაც ფრთის მსგავსი ფორმა აქვს, თუმცა აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებითა და გაუმჯობესებული უსაფრთხოების სისტემებით, რაც დასახლებული პუნქტების თავზე ფრენის საშუალებასაც იძლევა.