ლისაბონის აეროპორტი მოსახლეობის მრავალწლიანი პრეტენზიებისა და პროტესტის შემდეგ ღამის ფრენებს აკრძალავს. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას პორტუგალიის ინფრასტრუქტურისა და საბინაო მინისტრმა მიგელ პინტო ლუზმა განაცხადა. მან ამ გადაწყვეტილებას “წინგადადგმული ნაბიჯი” უწოდა.

„ვაპირებთ „მკაცრი კომენდანტის საათის“ შემოღებას, რომლის დროსაც 01.00-დან 05.00 საათამდე ფრენები აიკრძალება“, – განაცხადა მან.

მანამდე ხელისუფლებამ შემოიღო ღამის ფრენების რაოდენობაზე შეზღუდვა და მათი რაოდენობა კვირაში 92 ფრენამდე შეამცირა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია Zero-ს ინფორმაციით, ეს კვოტა რეგულარულად იზრდებოდა. სოციალურ აქტივისტებს მოჰყავთ კვლევები, რომლის მიხედვითაც კვირაში დაახლოებით 160 ღამის რეისი ხორციელდება.

ასევე, მათი თქმით, თვითმფრინავის ხმაურით დაახლოებით 300-380 ათასი ადამიანი „იტანჯება“ და ყველა მათგანს აქვს „დასვენების უფლება“. ღამის ფრენების გამო, მოსახლეობას „ცუდად სძინავს, წყვეტენ გაკვეთილებს, ისუნთქებენ საწვავის სუნს და განიცდიან ჰიპერტენზიას“.

მაგრამ ღამის ფრენების გაუქმება საკმარისი არ არის, ამბობენ კრიტიკოსები და ითხოვენ აეროპორტის გადატანას ან თუნდაც მისი გაფართოების გეგმებზე უარის თქმას. დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7 კმ-ში მდებარე ჰუმბერტო დელგადო არის მოძველებული შიდა და საერთაშორისო ცენტრი, რომლის განახლებას დაახლოებით სამი წელი და დაახლოებით 300 მილიონი ევრო დასჭირდება.