ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet-ი, რომელიც ჩარტერული ავიარეისების განხორციელებაზე და თვითმფრინავების სველი ლიზინგით გაცემაზეა ორიენტირებული, ავიაპარკს ზრდის. ავიაკომპანია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, საჰაერო ხომალდებს საკუთარ ავიაპარკს ყოველწლიურად მატებდა. წელს კი GetJet Airlines-მა 10 თვითმფრინავი დაიმატა და ახალ ბაზრებზეც შევიდა.
აღსანიშნავია, რომ GetJet Airlines საქართველოს ბაზარზე სწორედ წელს შემოვიდა. ავიაკომპანიამ ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული ავიარეისი განახორციელა. ავიაკომპანიას 2019 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან შეთანხმება 5 ჩარტერულ ავიარეისზე ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, GetJet Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდასაც გეგმავს და ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშიც შესრულდება.