საქართველოდან ლიეტუვასა და ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში უპირობოდ, შეზღუდვის გარეშე შედიოდნენ.
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ჩასული პირები ვალდებული იქნებიან საზღვარზე წარადგინონ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარეული ტესტის უარყოფითი პასუხი.
“ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ლიეტუვის შემთხვევაში თვითიზიოლაციის პერიოდი 14 დღე იქნება, ლატვიის შემთხვევაში კი 10.
ლიეტუვაში საქართველოს საელჩო განმარატავს, რომ ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
საქართველოში ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს სცდება. საქართველოში ვირუსი ბოლო 10 დღეში 1 500-ზე მეტ პირს დაუდგინდა.
წყარო: რადიო თავისუფლება