2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ახალი მიმართულებით რეისებo კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო კავშირებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, კიოლნი სრულიად ახალ მიმართულებას წარმოადგენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რაც ქვეყნის ავიაბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
,,ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ ახალი მიმართულების, კიოლნი-თბილისი-კიოლნის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაბაზრისთვის. ეს სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის აეროპორტისთვის, რომელიც მიმართულება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და განვითარებას.
ლევან მოსეშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და ავიამიმართულებების დამატებაზე. გერმანია ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსთვის, და ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო ჰაბის გაძლიერება,“ – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2021 წელს დიუსელდორფიდან დაიწყო, მომდევნო წელს კი – შტუტგარდი-თბილისის მიმართულებადაამატა. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას: BASIC, SMART და BIZclass, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი.












