ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური საკითხი, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი ოფიციალური მომართვა, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, განაახლოს პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ამისთვის უნდა შეიქმნას „აუცილებელი წინაპირობები“. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნა – პირობები თბილისში კარგად არის ცნობილი – ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიღებას”, – განაცხადა გონჩარმა.
წყარო: interpressnews.ge/