ლატვიის მთავრობა ეროვნულ ავიაკომპანია airBaltic-ს დამატებით 14 მილიონ ევროს გამოუყოფს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანულმა Lufthansa-მ, რომელიც airBaltic-ის აქციონერი ხდება, ანალოგიური ინვესტიცია განახორციელა.
ამ ნაბიჯით ლატვიის მთავრობა თანაბარ პირობებში აგრძელებს მონაწილეობას კომპანიის დაფინანსებაში. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული თანხა ფინანსთა და კომუნიკაციების სამინისტროების პროგრამებიდან გადანაწილდება.
პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას თქმით, 14 მილიონი ევროს ინვესტიცია „თანაბარი პირობების“ (pari passu) პრინციპით განხორციელდა, რაც ევროკომისიის სახელმწიფო დახმარების წესებით არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იმოქმედებს ისევე, როგორც კერძო ინვესტორი, რაც არ გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს.
airBaltic-ის ბირჟაზე გასვლა (IPO) 2026 წლისთვის იგეგმება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, Lufthansa-ს წილი, სავარაუდოდ, არანაკლებ 5% იქნება, ხოლო ლატვიის მთავრობა, თავის მხრივ, მინიმუმ 25%-ს შეინარჩუნებს. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ კომპანიის კაპიტალში ლიეტუვა და ესტონეთიც შევიდნენ, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
2009 წლის შემდეგ, ლატვიამ airBaltic-ში ჯამში 545 მილიონ ევროზე მეტი ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს კომპანიამ 118.2 მილიონი ევროს ზარალი განიცადა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ზარალი 1.7 მილიონ ევრომდე შემცირდა, ხოლო შემოსავალი 3%-ით გაიზარდა.
ამჟამად, ლატვიის მთავრობა airBaltic-ის აქციების 97.97%-ს ფლობს, დანარჩენი 2.03% კი დანიელ ინვესტორ ლარს ტუსენს ეკუთვნის. გერმანულმა მარეგულირებელმა Lufthansa-ს მიერ აქციების 10%-ის შესყიდვა უკვე დაამტკიცა და გარიგება უახლოეს თვეებში დასრულდება.












