კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, – კვიპროსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განკარგულება ამასთან დაკავშირებით უკვე გამოსცა.

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში კვიპროსი მე-13 ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო (საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს).

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვიპროსის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.