კუნძული მალიორკა განთავსების ადგილების 18000-მდე შემცირებას აპირებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით კუნძული ტურისტული ნაკადის 4%-ს დაკარგავს.

ადგილების შემცირებაზე კუნძულის რეგიონულმა საბჭომ განაცხადა. აღნიშნული ზომების გატარება ოვერტურიზმთან საბრძოლველად გადაწყდა. ხელისუფლება აწესებს შეზღუდვებს, რათა კუნძულის ტურისტულმა ცხოვრებამ ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ შეუშალოს.

მიმდინარე გაზაფხულზე, პალმას მერმა ანტისოციალური ქცევისთვის ტურისტებისთვის 3000 ევრომდე ჯარიმის დაწესებაზეც კი ისაუბრა. მოგვიანებით მერმა განმარტა, რომ მსგავსი აქტი მთელი რიგი პროცედურების გავლას საჭიროებს და ტურისტული სეზონის დაწყებამდე დროულად არ მიიღება.

ოვერტურიზმის გამო სირთულეების წინაშე დგას მეზობელი კუნძული მენორკაც. მენორკას ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივები განიხილავენ მის დახურვას ვიზიტორებისთვის.

ბალეარის კუნძულებს უკვე აქვთ მოგზაურობის შეზღუდვები. მათ შემოიღეს ტურისტული გადასახადი, დაწესდა აკრძალვა ახალი სასტუმროების მშენებლობაზე, ოლ ინკლუზივის სასტუმროებში ალკოჰოლის ოდენობის შეზღუდვა დაწესდა.

მალიორკა ბალეარის კუნძულებიდან ყველაზე დიდია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ესპანეთში უცხოელ ტურისტებს შორის.