კორპორაციულ სეგმენტში ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასები დასტაბილურდა, ხოლო კომპანიები ავიაკომპანიებისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტარიფებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას იღებენ. ამის შესახებ ნათქვამია Emburse Travel Analytics-ის ანგარიშში.

ანგარიში, რომელიც 2025 წლის აპრილამდე 12 თვის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კორპორაციული ავიაბილეთების დაჯავშნაზე დაყრდნობით მომზადდა, აჩვენებს, რომ ავიაბილეთების საშუალო საბაზრო ფასი 724 დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1 დოლარით ნაკლებია.

თუმცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავიაბილეთების ფასი 602 დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით ნაკლებია. ამან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და საბაზრო ტარიფებს შორის სხვაობა 16.9%-მდე გაზარდა.

შიდა რეისებზე ეკონომ კლასის ფრენის საშუალო შეთანხმებული ღირებულება ამ პერიოდში 406 დოლარი იყო, მაშინ როცა ბაზარზე 459 დოლარი შეადგინა. საერთაშორისო რეისებზე იგივე მაჩვენებელი 646 დოლარია, საბაზრო საშუალო ფასი კი — 710 დოლარი.

ანგარიშის მიხედვით, კორპორაციული მოგზაურებისთვის სასტუმროს დაჯავშნის საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში 1.4%-ით გაიზარდა და 209 დოლარი შეადგინა. ეს დაახლოებით 21%-ით ნაკლებია საშუალო საბაზრო ღირებულებაზე (264 დოლარი).

ყველაზე მეტით გაიზარდა საშუალო ფასი შვეიცარიის ბაზელში (+13%), კოპენჰაგენში (+12%), სტოკჰოლმში (+7%), ბოსტონსა (+6%) და ლონდონში (+5%).

სასტუმროებში განთავსების ფასი ყველაზე მეტით შემცირდა ბარსელონაში (-9%), ნიუ-ორლეანსა და ჰონგ-კონგში (-8%), ასევე ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერთსა და არიზონის შტატის ქალაქ სკოტსდეილში (-7%).

რაც შეეხება მივლინებებს, თანამშრომლებისთვის სასტუმროების დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა ინდოეთის ქალაქ ბენგალურში (+39%), ბოსტონში (+23%), ნიუ-იორკში (+21%) და სან-ფრანცისკოში (+20%).