Travel Management-ის ინსტიტუტის (ITM) მიერ ჩატარებულმა ყოველწლიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კორპორატიული სექტორის წარმომადგენლებში მომავალი წლის მიმართ ოპტიმიზმის დონე საგრძნობლად დაეცა. თუ წინა წელს რესპონდენტთა 71% პოზიტიურად იყო განწყობილი ბიზნეს-მოგზაურობების ინდუსტრიის განვითარების მიმართ, წელს ეს მაჩვენებელი 50%-მდე შემცირდა. ოპტიმიზმის კლება ძირითადად განპირობებულია ეკონომიკური გაურკვევლობით, მზარდი ხარჯებითა და კორპორატიული ბიუჯეტების უფრო მკაცრი კონტროლით.
კვლევის მიხედვით, ტრეველ-მენეჯერების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ფასების ზრდაა, განსაკუთრებით ავიამიმოსვლისა და სასტუმროების სექტორში. კომპანიების უმრავლესობა აღარ გეგმავს სამივლინებო ხარჯების უპირობო ზრდას; ნაცვლად ამისა, ისინი ორიენტირებულნი არიან ხარჯების ოპტიმიზაციაზე და “აუცილებელი მგზავრობების” მკაცრ განსაზღვრაზე. გარდა ფინანსური ფაქტორებისა, ოპტიმიზმის კლებაზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მდგრადი განვითარების (ESG) ვალდებულებები, რაც კომპანიებს აიძულებს შეამცირონ ნახშირბადის გამონაბოლქვი და, შესაბამისად, ფრენების რაოდენობა.
მიუხედავად ნეგატიური ტენდენციისა, ტრეველ-მენეჯერები დიდ იმედებს ამყარებენ ტექნოლოგიურ პროგრესზე. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და დაჯავშნის პროცესების ავტომატიზაცია განიხილება, როგორც ერთგვარი გამოსავალი ეფექტურობის ასამაღლებლად. თუმცა, საერთო განწყობა მაინც ფრთხილი რჩება, რადგან ინდუსტრია გადადის “აღდგენის ფაზიდან” “ეფექტურობის ფაზაში”, სადაც ყოველი დახარჯული ცენტი მკაცრად კონტროლდება და ბიზნეს-მოგზაურობის რეალური სარგებლიანობა (ROI) გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.












