FCM Consulting-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში კორპორატიული კლიენტებისთვის ავიაბილეთების ფასები შემცირდა, მაშინ როდესაც სასტუმროში განთავსების ღირებულება მსოფლიოს უმეტეს რეგიონში გაიზარდა.

ანგარიში, რომელიც FCM Travel-ისა და Flight Centre Travel Group-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა, მოგზაურობის მენეჯმენტის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახავს.

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში, ბიზნეს-კლასის საშუალო ტარიფი წლიურ ჭრილში 4%-ით შემცირდა, ხოლო ეკონომ-კლასის ტარიფი – 3%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებზე გლობალური მოთხოვნა 5.8%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ავიაკომპანიებმა ფასების კორექტირება პროგნოზებთან შეუსაბამობის კომპენსირებისა და მყიდველობითი აქტივობის შესანარჩუნებლად განახორციელეს.

FCM Consulting-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში 19%-ით გაიზარდა და პირველ ნახევარში $201-ს მიაღწია.

ევროპა: კორპორატიული განთავსების საშუალო ფასი ევროპაში $31-ით გაიზარდა და $211შეადგინა. ყველაზე მეტად ტარიფები გაიზარდა დუბლინში (55%), მადრიდში (23%) და ლონდონში (19%). ექსპერტები ამ ზრდას ბიზნეს აქტივობის აღდგენასა და საერთაშორისო ჩამოსვლების დინამიკას უკავშირებენ, თუმცა მომავალ წელს ფასების ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებენ.

ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა: განთავსების საშუალო ღირებულება $29-ით გაიზარდა და $226 შეადგინა.

ლათინური ამერიკა: საშუალო ტარიფი $15-ით გაიზარდა და $165-ს მიაღწია.

აზია: სასიამოვნო გამონაკლისი დაფიქსირდა აზიაში, სადაც განთავსების საშუალო ფასი $1-ით შემცირდა და $170 შეადგინა.

ავსტრალია და ახალი ზელანდია: ამ რეგიონში საშუალო ფასი $9-ით დაეცა და $142შეადგინა.