სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი საგანგაშო განცხადებას აკეთებს. ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო სამხრეთ კორეაში მოგზაურობაზე ტურისტების 50%-ზე მეტი უკვე უარს ამბობს. 

Korean Air-ის პრეზიდენტი ვუ კე-ჰონგი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი იძულებულია საერთაშორისო ავიარეისების 80%-ზე მეტი შეამციროს, რაც ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმაა. 

”მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კრიზისის სიმძიმე, რომლის წინაშეც ვართ. ადრე მაქსიმალური შემცირება რაც კი მოგვიხდენია იყო 18%-ი. და რაც უფრო ცუდია, სიტუაცია ყოველ წამს შესაძლოა უფრო დამძიმდეს”, განმარტავს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი. 

Korean Air-მა ავიაპარკში მყოფი 145 თვითმფრინავიდან 100-მდე უკვე გააჩერა.

შეგახსენებთ, რომ Korean Air-ი საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებდა, სეულიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა ჩარტერულ ავიარეისებს.