სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air-ი საგანგაშო განცხადებას აკეთებს. ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო სამხრეთ კორეაში მოგზაურობაზე ტურისტების 50%-ზე მეტი უკვე უარს ამბობს.
Korean Air-ის პრეზიდენტი ვუ კე-ჰონგი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი იძულებულია საერთაშორისო ავიარეისების 80%-ზე მეტი შეამციროს, რაც ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმაა.
”მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კრიზისის სიმძიმე, რომლის წინაშეც ვართ. ადრე მაქსიმალური შემცირება რაც კი მოგვიხდენია იყო 18%-ი. და რაც უფრო ცუდია, სიტუაცია ყოველ წამს შესაძლოა უფრო დამძიმდეს”, განმარტავს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი.
Korean Air-მა ავიაპარკში მყოფი 145 თვითმფრინავიდან 100-მდე უკვე გააჩერა.
შეგახსენებთ, რომ Korean Air-ი საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებდა, სეულიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა ჩარტერულ ავიარეისებს.