30 მაისს სამხრეთ კორეული ავიაკომპანია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით“, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. უკვე მეორე წელია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა. წელს ჩარტერების რაოდენობა ორმაგდება. პირველი რეისი სეულიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, 30 მაისს შესრულდება. 27 ივნისის ჩათვლით კი სულ კორეის დედაქალაქიდან საქართველოს მიმართულებით 6 ფრენა განხორციელდება.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება. 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.
კორეის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო.