ავიაკომპანია KLM-მა 175 მილიონი ევრო დაკარგა ნიდერლანდებში, Schiphol-ის აეროპორტში პერსონალის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას NL Times ავრცელებს.

კომპანიის ანგარიშის მიხედვით, KLM-ის ზარალმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 175 მილიონი ევრო შეადგინა. ამ თანხიდან 30 მილიონი ევრო მგზავრების კომპენსაციაზე, კერძოდ, ფრენების გაუქმებაზე მოდის, დანარჩენი 145 მილიონი ევრო კი კომპანიისთვის დაკარგული შემოსავალია.

მისმა შვილობილმა Transavia-მ კი ბოლო სამი თვის განმავლობაში 44 მილიონი ევრო დაკარგა.

COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, Schiphol მოგზაურთა დიდი ნაკადის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ აეროპორტი, პერსონალის ნაკლებობის გამო, არ იყო მზად ასეთი დატვირთვისთვის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებში. ამ ზაფხულს, პერსონალის სიმცირის გამო Schiphol-მა გააუქმა ასობით ფრენა და რიგების თავიდან ასაცილებლად მგზავრთა ნაკადის ლიმიტიც კი დააწესა.

ავიაკომპანიები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნიდერლანდების მთავარ აეროპორტთან გამოწვეული პრობლემების კომპენსაციის თაობაზე.

ამასთან, კვლავ რჩება შეზღუდვები Schiphol-ში მგზავრთა რაოდენობაზე.