უახლოეს ათწლეულებში ფრენის დროს ტურბულენტობა კლიმატის ცვლილების შედეგად გაიზრდება. ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მისი არაპროგნოზირებადობის გამო, მგზავრებს მოუწევთ, უფრო დიდხანს დარჩნენ ღვედშეკრულნი.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ტურბულენტობა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაძლიერდა, რამაც გავლენა მოახდინა საჰაერო ნაკადებზე.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საჰაერო მარშრუტზე, ჩრდილოეთ ატლანტიკის თავზე, ძლიერი რყევა უკვე 55%-ით გაიზარდა და წელიწადში თითქმის 30 საათს შეადგენს (2020 წლის მონაცემებით), ზომიერი ტურბულენტობა 37%-ით გაიზარდა და 96 საათს გადააჭარბა, ხოლო სუსტი — 17%-ით და 547 საათს მიაღწია.

როგორც კვლევის წამყვანი ავტორი, ჯოანა მედეიროსი აღნიშნავს, ქარის ძვრის გაძლიერება და სტაბილურობის დაქვეითება ხელსაყრელ პირობებს ქმნის წმინდა ამინდის პირობებში არსებული ტურბულენტობისთვის — უხილავი, მოულოდნელი რყევებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, თვითმფრინავი მოულოდნელად შეარყიოს. ქარიშხლით გამოწვეული ტურბულენტობისგან განსხვავებით, ასეთი ტურბულენტობა რადარზე არ ჩანს, რაც პილოტებს მის თავიდან აცილებას უძნელებს.

პრობლემა გავლენას მოახდენს ფრენებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში, ნათქვამია ჟურნალ Journal of the Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაში. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიების მოცულობის მიუხედავად, ქარის ძვრა (მიმართულების მკვეთრი ცვლილება როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად) 16-27%-ით გაიზრდება, ატმოსფეროს სტაბილურობა კი 10-20%-ით შემცირდება 85 წლის განმავლობაში, 2015-დან 2100 წლამდე.

ამერიკული Research Applications Laboratory-ის მონაცემებით, ტურბულენტობის შედეგები ავიაკომპანიებს ყოველწლიურად $150–500 მილიონი უჯდებათ. მონრეალის კონვენციის თანახმად, გადამზიდავები იურიდიულად პასუხისმგებელნი არიან მგზავრების დაზიანებებზე და მუშაობაში შეფერხებებზე.

Flightradar24-ის მონაცემებით, ავიაკომპანია Delta-ს ბოლოდროინდელ ტრანსატლანტიკურ რეისზე სოლტ-ლეიკ-სითიდან ამსტერდამში, სიმაღლის მკვეთრი ცვლილების გამო, მგზავრების თითქმის 10%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 2024 წლის მაისში კი Singapore Airlines-ის თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტობაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სხვა მგზავრებმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს. ავიაკომპანიამ ბორტზე მყოფ ყველა ადამიანს თანხა დაუბრუნა და კომპენსაცია გადაუხადა.