უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადისლავ კრიკლი მიიჩნევს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა ისევ უკრაინისთვის იქნება სახიფათო და იმისათვის, რომ პირდაპირი ფრენები აღდგეს ამისათვის “უნდა გვქონდეს სუიციდური განწყობა”.

“ვიდრე ეს ქვეყანა აგრესორად რჩება, ჩვენ კი საომარ რეჟიმში, არ გვსურს МН17-ის (2014 წელს დონბასში საზენოტო-სარაკეტო დანადგარის “ბუკის” სროლის შედეგად Malaysia Airlines-ის Boeing 777-200ER-ი ჩამოვარდა) განმეორება. ეს უკრაინისათვის საშიშია. ვფიქრობ, რომ ავიამიმოსვლის განახლებისათვის რაღაც სუიციდური განწყობა უნდა გვქონდეს”, განმარტა მინისტრმა.

კრიკლის თქმით, იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ატარებს “პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება”.

ვლადისლავ კრიკლი ამბობს, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა, რაც რეალობასთან ახლოსაც კი არააა.

“მე არ ვსაუბრობ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. თუ ყველაფერს აღვადგენთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გზავნილს ვუგზავნით გარე სამყაროს, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვენივრადაა, მათთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ ვითხოვთ ჩვენ მათ წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, რატომ გვინდა კომუნიკაცია გავაგრძელოთ ოთხმხრივ ფორმატში?

ამიტომ, იმის გათვალისწინებით თუ როგორ იქცევიან, ვფიქრობ, რომ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება”- აღნიშნა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას უკრაინა ხელს არ შეუშლის.

“ეს სხვა საკითხია. თუ პოლიტიკური თვალსაზრისით ვისაუბრებთ, ისევ ჩაკეტვა შესაძლებელია. გავაჟღერებ რამდენიმე ციფრს. მაგალითად, 2019 წლის 8 თვეში 7.7 მლნ ტონა ტრანზიტული ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა, საიდანაც 3.5 მლრდ გრივნას (145 მლნ დოლარი) შემოსავალი დარჩა”, აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, უკრაინა-რუსეთს შორის სამგზავრო გადაზიდვები ერთ-ერთი მომგებიანი მიმართულებაა. თუმცა იმ ადამიანებს, რომელთაც უკრაინიდან რუსეთში ჩასვლა სხვადასხვა საქმის გამო უწევთ, ამის გაკეთება, მარტივად, მინსკის გავლით შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიერ, ტრანზიტული ტვირთების ბლოკირება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წესებს ეწინააღმდეგება. მსო-ს შემადგენლობაში კი შედის, როგორც უკრაინა ასევე რუსეთი. 2019 წლის ივლისში, Ukrzheldorogi-ს პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ 5 თვის განმავლობაში სამგზავრო მატარებელმა №5/6 კიევი-მოსკოვი კომპანიას 117.7 მლნ გრივნას (4.5 მლნ დოლარი) შემოსავალი მოუტანა. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ყველაზე მომგებიანი ხუთი შიდა რეისიდან მიღებული შემოსავალი.

შეგახსენებთ, რომ “საჰაერო ომი” კიევსა და მოსკოვს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ რუსეთს ყირიმის ცაზე რუსული ავიაკომპანიების უკანონო ფრენებისთვის ჯარიმის გადახდა მოსთხოვა. 2015 წლის სექტემბერში კი უკრაინამ 20-ზე მეტ რუსულ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა. როგორც მაშინ, იმჟამინდელმა  პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, სანქციები გამოწვეული იყო ყირიმში ფრენების გამო, რაც თავის მხრივ უკრაინის ერთიანი საჰაერო სივრცის დარღვევაა. ამის შემდეგ კი რუსეთი “იძულებული” გახდა საპასუხო ზომები მიეღო უკრაინული ავიაკომპანიების მისამართით.

რამდენიმე დღეში კი პრემიერ-მინისტრმა ახალი განკარგულება გამოსცა და რუსულ ავიაკომპანიებს უკრაინის ცაზე გადაადგილება აუკრძალა )იგულისხმება როგორც პირდაპირი ასევე ტრანზიტული ფრენები). უკრაინამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა 2015 წლის 25 ოქტომბერს შეაჩერა.