COVID-პანდემიის შედეგად საავიაციო ბაზარზე გადაჯგუფებები დაიწყო. მსხვილმა კომპანიებმა კიდევ უფრო გამსხვილება დაიწყეს. კომპანიების ნაწილს კი გაჩერება და ბაზრის დატოვება ემუქრება. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამ ეტაპზე ხსნას ბაზრების კონსოლიდაციაში ხედავს. ექსპერტი ამბობს, რომ მისი პროგნოზები მართლდება.
“აღნიშნულ საკითხზე ჩვენ შარშანაც ვსაუბრობდით. პანდემიის შედეგებს კომპანიები 2021 წელს და შემდგომ უფრო ნათლად დაინახავენ და იგრძნობენ. ამ ფონზე მოხდება ძალიან ბევრი კომპანიის შერწყმა. მსხვილი კომპანიები შეისყიდიან პატარა კომპანიებს და მოხდება ბაზრების კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ კიდევ ბევრი ავიაკომპანიისა თუ ზოგადად საავიაციო კომპანიის კონსოლიდაცია მოხდება. სხვანაირად ეს სფერო ვერ გადარჩება”, აცხადებს აფციაური.
მისი რეკომენდაციაა, რომ ანალოგიურად მოხდეს საქართველოს ბაზარზეც, რათა საავიაციო ბიზნესი კრიზისიდან დროულად გამოვიდეს.
“ჩვენთვისაც, როგორც პატარა ქვეყნებისთვის რომელთაც ისედაც მცირე შიდა ბაზარი აქვთ, საჭიროა სწრაფად მოხდეს ბაზრის კონსოლიდაცია, გაერთიანება, შერწყმა სხვადასხვა კომპანიებს. სწორედ ასეა შესაძლებელი კრიზისიდან თავის დაღწევა და რამდენიმე წელიწადში ძველ ნიშნულს დაბრუნება”, მიიჩნევს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი.
იგორ აფციაური გამსხვილებების პარალელურად ბაზარზე ფასების ზრდასაც პროგნოზირებს.
“ამ ეტაპზე ფასები 30%-ითაა გაიაფებული, მაგრამ თანდათანობით როდესაც სიტუაცია გამოსწორდება და ბაზარზე ერთი დიდი მონსტრი იქნება, ფასებიც გაიზრდება”, განმარტავს აფციაური.
ცნობილი ხდება, რომ AerCap– სა და GECAS– ს ბაზარზე თვითმფრინავების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პორტფელი აქვთ, რომელთა უმსხვილესი მომხმარებლები არიან მსოფლიოს უდიდესი ავიაკომპანიები.
ბლუმბერგის თანახმად, ცნობილი წყარო აღნიშნავს, რომ პოტენციური გარიგების ღირებულება $30 მილიარდს შეადგენს. საერთო ჯამში, ორ გამქირავებელს თითქმის 3,000 თვითმფრინავის პარკი ექნება, რომელსაც ფლობენ, მართავენ ან შეკვეთას.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანიები მსოფლიოში უდიდესია, ორივე მძიმედ განიცდიდა მსოფლიში პანდემიის გამო შექმნილ კრიზისს.
GECAS–ი დაახლოებით 1,650 თვითმფრინავს ფლობს. ხოლო, AerCap–ს 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საკუთრებაში ან მართვაში მყოფ 1130–ს. ამრიგად, საერთო თვითმფრინავების პორტფელი 2 980 იქნება.