9 მაისიდან 25 მაისამდე დუბაიში ყოველწლიური ღონისძიება – დუბაის რესტორნების კვირეული გაიმართება. ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს 17 დღის განმავლობაში 100-ზე მეტ რესტორანში შეეძლებათ სპეციალურად შედგენილი მენიუების დაგემოვნება.
რესტორნების კვირეულში მონაწილე ობიექტების ჩამონათვალში დუბაის მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციებია წარმოჩენილი. პროგრამაში ჩართულია როგორც მიშლენის ვარსკვლავის მქონე დაწესებულებები, ისე ყველასთვის საყვარელი ადგილობრივი რესტორნები და მზარდი პოპულარობის ახალგახსნილი ობიექტებიც კი.
კვირეულში ისეთი ცნობილი რესტორნები მონაწილეობენ, როგორებიცაა: Akira Back, Brasserie Boulud, Boca, COYA Dubai, L’Atelier Robuchon, Duck & Waffle და Mimi Kakushi. მონაწილე რესტორნები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა. ესაა: კერძების ხარისხი, მენიუს ორიგინალობა, რეპუტაცია და მათი წვლილი დუბაის კულინარიული სცენის განვითარებაში. მრავალფეროვანია წარმოდგენილი სამზარეულოები: იაპონური, ფრანგული ბრასერია, ხმელთაშუაზღვის, არაბული, ვიეტნამური, ევროპული, ინდური და სხვ.
ფესტივალის ფარგლებში, მომზადებული მენიუების ფასები საშუალოდ 30%-ით ნაკლებია რესტორნების ჩვეულებრივ ტარიფებთან შედარებით, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს რესტორნების პოპულარული მენიუები ბიუჯეტურ ფასად დააგემოვნონ და ახალი გემოები აღმოაჩინონ.
მაგიდის დაჯავშნა შესაძლებელია OpenTable-ის პლატფორმის საშუალებით მოცემულ ბმულზე: https://www.visitdubai.com/en/whats-on/dubai-restaurant-week