ნორმატიული აქტის პროექტის გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განსახილველად წარმოადგინა: „საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის ხმაურის მოთხოვნების დადგენის შესახებ“ წესის პროექტი.

წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება და მასთან დაკავშირებით შესაბამისი მოთხოვნების დადგენა.

ამასთან, ბრძანების ამოქმედებით, საქართველო მოახდენს ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციის სრულად დანერგვას, კერძოდ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-16 დანართის II ნაწილის მე-3 თავის I ტომით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების შესახებ“ 2006 წლის 12 დეკემბრის N2006/93 დირექტივით გათვალისწინებული ხმაურის მოთხოვნების სრულად ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში.

ევროპული რეგულაციით დადგენილი ხმაურის მოთხოვნები ნაწილობრივ დანერგილია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. კერძოდ, 2013 წლიდან, საქართველოში იკრძალება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, რომელთა ხმაურის დონე შეესაბამება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნებს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის ხმაურის მოთხოვნების დადგენით, ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებზე თანაბარი პირობები გავრცელდება.

წარმოდგენილის წესის პროექტის მოქმედება გავრცელდება უცხო ქვეყნის იმ ექსპლუატანტებზე რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს აეროპორტებში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის, არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის და/ან საავიაციო სამუშაოს განხორციელებას შემდეგი საჰაერო ხომალდებით:

• რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა არის 34 000 კგ ან მეტი;
• რომელთა სამგზავრო ადგილების სერტიფიცირებული რაოდენობა აღემატება 19 ადგილს, ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი ადგილების გამოკლებით.
მაგალითისთვის, წესის მოქმედება გავრცელდება, Ilyushin Il-76 ტიპის იმ საჰაერო ხომალდებზე, რომელთა ხმაურის სერტიფიკატი გაცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მე-16 დანართის II ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნების შესაბამისად.

წესის მოქმედება არ ვრცელდება უცხო ქვეყნის:

• სახელმწიფო საჰაერო ხომალდზე;
• საჰაერო ხომალდზე, რომლითაც ხორციელდება ფრენა ჰუმანიტარული მიზნით;
• საჰაერო ხომალდზე, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, ბუნებრივი მოვლენა და ა.შ.);
• საჰაერო ხომალდები, რომლებიც ახორციელებენ არაკომერციულ ფრენას ტექნიკური მიზნებით (სარემონტო სამუშაოების განხორციელება, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ცვლილება და ა.შ.).

წესის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.

?ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე:
http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: atd@gcaa.ge